ბაზრის რა წილი და შემოსავლები აქვთ „სილქნეტს“ და „მაგთიკომს“, რომლებიც ტარიფების გაძვირებას გეგმავენ
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანალიტიკურ პორტალზე ქართულ ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ განახლებადი სტატისტიკაა განთავსებული.
2018 წლის მონაცემებით, ბაზრის ყველა ძირითად სეგმენტს „სილქნეტი“ და „მაგთიკომი“ ინაწილებენ, რომლებიც უახლოეს პერიოდში აბონენტთა ნაწილისთვის მომსახურების გაძვირებას გეგმავენ.
მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზე „მაგთიკომს“ 1 978 881 აბონენტი ჰყავს (ბაზრის 40 პროცენტი), „სილქნეტს“ („ჯეოსელი“) კი 1 733 198 აბონენტი (35.6 პროცენტი). ორივე კომპანიის წილი ჯამში 75.6 პროცენტს შეადგენს. მობილური კავშირისგან 2018 წლის ნოემბერში „მაგთიკომის“ შემოსავალმა 18,2 მილიონი ლარი შეადგინა, „სილქნეტის“ კი 14,2 მილიონი ლარი შეადგინა.
ინტერნეტის სეგმენტში „მაგთიკომს“ 371 ათასი აბონენტი ჰყავს (ბაზრის 45 პროცენტი), „სილქნეტს“ 275 ათასი აბონენტი (33,6 პროცენტი). ორივე კომპანიის წილი ჯამში 78,6 პროცენტს შეადგენს. 2018 წლის ნოემბერში „მაგთიკომის“ შემოსავალმა ამ კუთხით 9 მილიონი ლარი შეადგინა, „სილქნეტის“ 7,2 მილიონი ლარი.
ფიქსირებული კავშირგაბმულობის სეგმენტში „სილქნეტს“ 299 904 აბონენტი ჰყავს (ბაზრის 51,4 პროცენტი), „მაგთიკომს“ 125 896 აბონენტი (ბაზრის 21,5 პროცენტი). ორივე კომპანიის წილი ჯამში 72,9 პროცენტს შეადგენს. 2018 წლის ნოემბერში „მაგთიკომის“ შემოსავალმა 1,8 მილიონი ლარი, „სილქნეტის“ კი 259 ათასი ლარი შეადგინა.
ლიდერობენ კომპანიები მაუწყებლობის ტრანზიტის კუთხითაც. „მაგთიკომს“ 308 ათასი აბონენტი ჰყავს (48,9 პროცენტი), „სილქნეტს“ 223 ათასი აბონენტი (35,4 პროცენტი). ორივე კომპანიის წილი 84,3 პროცენტს შეადგენს. „მაგთიკომის“ შემოსავალმა 4,2 მილიონი ლარი შეადგინა, „სილქნეტის“ 3,1 მილიონი ლარი.
ტარიფების მოსალოდნელი გადახედვის შესახებ „სილქნეტმა“ და „მაგთიკომმა“ ოფიციალური განცხადებები გაავრცელეს. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განაცხადეს, რომ ამის საფუძველი არ არსებობს და კომპანიებმა ტარიფების გაძვირება უნდა შეაჩერონ.