„ბაზისბანკი“ ფიზიკურ პირებს, რომლებიც იპოთეკური და სამომხმარებლო სესხებით სარგებლობენ, სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს
„ბაზისბანკი“ ფიზიკურ პირებს, რომლებიც ამავე ბანკის იპოთეკური და სამომხმარებლო სესხებით სარგებლობენ, სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს. ამის შესახებ ბანკის განცხადებაშია აღნიშნული.
„ბაზისბანკი“ განმარტავს, რომ საშეღავათო პერიოდი ვრცელდება სესხის ძირ თანხასა და ასევე პროცენტზე.
„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, „ბაზისბანკმა“, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის, სოლიდარობისა და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება, ფიზიკურ პირებს, რომლებიც სარგებლობენ „ბაზისბანკის“ იპოთეკური და სამომხმარებლო სესხებით შესთავაზოს სამთვიანი საშეღავათო პერიოდი. საშეღავათო პერიოდი ვრცელდება როგორც სესხის ძირზე, ასევე პროცენტზე.
დეტალებთან დაკავშირებით თითოეულ მომხმარებელთან მოხდება კომუნიკაცია და ყველა საჭირო პროცედურა განხორციელდება დისტანციურად, ბანკის ოფისებში ვიზიტის გარეშე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ასევე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდების მიზნით, „ბაზისბანკი“ მომხმარებელს დისტანციური საბანკო სერვისებით სარგებლობას ურჩევს.
„ბაზისბანკის“ მობაილ და ინტერნეტ ბანკით სახლიდან გაუსვლელად შესაძლებელია: ნებისმიერი კომუნალური თუ საკომუნიკაციო გადასახადების გადახდა უფასოდ, საკუთარი ანგარიშების კონტროლი, გადარიცხვები ლარსა თუ უცხოურ ვალუტაში, სესხის აღება მომენტალურად და სხვა. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე – http://www.basisbank.ge/ge/remote_services/.
„შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით, პრევენციულ ღონისძიებებში ჩართულობით, რეკომენდაციების გათვალისწინებით და ერთობლივი ძალისხმევით, დარწმუნებულები ვართ, რომ სირთულეებს უახლოეს მომავალში დავძლევთ“, – აცხადებს „ბაზისბანკი“.