ბაზელის ბეილერის ფონდსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილე ნიკა ახალბედაშვილი ბაზელში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. ბეილერის ფონდსა და ეროვნულ მუზეუმს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები ბეილერის ფონდის დირექტორ სამუელ კელერის მონაწილეობით გაიმართა.
ბეილერის ფონდი შვეიცარიის ყველაზე პოპულარული მუზეუმია და მსოფლიოში მაღალი რეპუტაციით სარგებლობს. ფონდის კოლექციებშია მსოფლიოს 400-მდე ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი, მათ შორის, პიკასო, მონე, სეზანი, მონდრიანი, ჯიაკომეტი, რუსო, ვარჰოლი და სხვა. ფონდის საგამოფენო დარბაზები არქიტექტორ რენძო პიანოს პროექტის მიხედვითაა აშენებული. ფონდის პოლიტიკის თანახმად, თითოეული გამოფენა იმავდროულად საგანმანათლებლო პროექტიცაა და ბავშვებსა და ახალგაზრდებში დიდ დაინტერესებას იწვევს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბეილერის ფონდი მზადაა, 2023 წლის შემოდგომაზე, მუზეუმის საგამოფენო სივრცის ნახევარი ფიროსმანის გამოფენას დაუთმოს, ხოლო მეორე ნაწილში, ფიროსმანის შემოქმედებისადმი მისი განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო, პიკასოს ნამუშევრების ექსპოზიცია მოაწყოს. ამასთან, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შემავალ მუზეუმებთან თანამშრომლობის სურვილს გამოხატავს კოპენჰაგენის ლუიზიანას მუზეუმიც.
ბაზელში სამუშაო შეხვედრა ინფინიტარტის ფონდის ინიციატივით გაიმართა, რომელიც 2019-2020 წლებში ვენაში, ალბერტინის მუზეუმში ფიროსმანის გამოფენის მთავარი ორგანიზატორი იყო. მოცემული ექსპოზიცია ალბერტინის მუზეუმის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ გამოფენად იქნა შეფასებული.
კულტურის მინისტრმა ბეილერის ფონდის წარმომადგენლებსა და ინფინიტარტის ფონდის ხელმძღვანელ ადრიან ბარსანს საინტერესო ინიციატივისა და ქართული კულტურით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართული მხარის სურვილია, ნებისმიერი საერთაშორისო გამოფენა არა მხოლოდ ექსპონატებისა და ხელოვანის პოპულარიზაციას, არამედ ქართული მუზეუმის გაძლიერებას, გამოფენილი ნამუშევრების გამოკვლევასა და პრევენციულ კონსერვაციას, თანამშრომელთა ტრენინგსა და კომპეტენციის გაცვლას ისახავდეს მიზნად. შეხვედრისას შედგა შეთანხმება, რომ მხარეები ფართო და გრძელვადიანი თანამშრომლობის ტექსტზე ერთობლივად იმუშავებენ, რაც საქართველოს მუზეუმების ინსტიტუციური გაძლიერებისა და ფონდებში დაცული ექსპონატების სათანადო კონსერვაციის საქმეში წინგადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.