ბაზარზე კოსმეტიკური პროდუქციის განთავსების წესებისა და ნორმების განსაზღვრა მოხდება
ბაზარზე კოსმეტიკური პროდუქციის განთავსების წესებისა და ნორმების განსაზღვრა მოხდება. ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის 2024 წლის სამოქმედო გეგმაში, რომელიც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ პარლამენტს წარუდგინა.
შესაბამისი ცვლილებების შეტანა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში იგეგმება.
მთავრობის განმარტებით, დღეისათვის ქვეყანას არ გააჩნია კოსმეტიკურ პროდუქციასთან დაკავშირებული ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩო, რაც ასახულია ევროკომისიის სამუშაო ჯგუფის საქართველოს 2023 წლის ანგარიშშიც.
„კანონპროექტის შემუშავების ერთ-ერთი საფუძველია საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზება ევროკავშირის რეგულაციასთან (Regulation (EC) N 1223/2009), რომელიც კანონის პროექტისა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის შემუშავების პროცესში სახელმძღვანელოდ იყო გამოყენებული. „ტექნიკური რეგლამენტი – კოსმეტიკური პროდუქციის შესახებ“ ადგენს ბაზარზე კოსმეტიკური პროდუქციის განთავსების წესებსა და ნორმებს, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. რეგლამენტი არ ვრცელდება იმ ნივთიერებებზე ან ნარევებზე, რომლებიც განკუთვნილია ენდოგენურად მისაღებად, ინჰალაციის, ინექციის ან ადამიანის სხეულში იმპლანტაციისათვის. ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება ეკონომიკური ოპერატორების როლი და ვალდებულებები, მათ შორის, მწარმოებლის, იმპორტიორის, დისტრიბუტორისა და ხელშეკრულებით განსაზღვრული „პასუხისმგებელი პირის“. ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება ბაზარზე განთავსებამდე და განთავსების შემდეგ ადმინისტრირების საკითხები და მასზე პასუხისმგებელი უწყებები“, – ნათქვამია მთავრობის გეგმაში.