ბავშვთა უფლებების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის რწმუნებული აცხადებს, რომ იულია სუსლიაკზე გამოძიება უკრაინაშიც მიმდინარეობს
ბავშვთა უფლებების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის რწმუნებული მიკოლა კულება აცხადებს, რომ იულია სუსლიაკზე გამოძიება უკრაინაშიც ტარდება.
როგორც მიკოლა კულებამ აღნიშნა, უკრაინული მხარის მიერ ძალიან ბევრი დოკუმენტია მომზადებული.
„ჩვენ გუშინ შევხვდით პროკურატურას და შსს-ს. მომზადებულია უკრაინული მხარის მიერ ძალიან ბევრი დოკუმენტი, ბავშვების მეურვეობასთან დაკავშირებით. მინდა, მადლობა გადავუხადო ქართულ მხარეს, რადგან ეჭვია, რომ ეს ქალბატონო ტრეფიკინგში ბრალდებული, ამის საფუძველი არსებობს, რადგან არის მასალები სადაც ბავშვებს კარგად არ უვლიდა დედა, ერთი ბავშვი დაეღუპათ რუსეთში, ექვსი არის სუროგაციის გზით გაჩენილი, ერთი არის ამერიკის მოქალაქე. ქალბატონი აპირებდა საქართველოდან არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანას. გამოძიება უკრაინაშიც მიმდინარეობს და ყველა გარემოებას შეისწავლის. გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, ვინ გადაიხადა სუროგაციის თანხა და ვინ იყო შუამავალი, როდესაც გაირკვევა, ეს ინფორმაცია გასაჯაროვდება. მთავარი ამოცანაა, რომ ბავშვები დაბრუნდნენ უკრაინაში და იცხოვრონ ერთ ოჯახში, ასევე მოხდეს მათი რეაბილიტაცია. ჩატარდება კონსულტაციები საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან. იულია სუსლიაკი თუ დამნაშავეა, სასჯელი უნდა მოიხადოს, თუ არადა უნდა გათავისუფლდეს“, – განაცხადა მიკოლა კულება.
მისივე თქმით, ათივე ბავშვი სამშობლოში უკრაინის პრეზიდენტის მიერ გამოყოფილი სპეციალური თვითმფრინავით დღესვე გაფრინდება.
ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ის საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აპირებდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი მისი შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან ოთხი დაბადებულია 2017 წელს.
ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, სამხარაულის ბიუროს დასკვნით, 10 ბავშვიდან ოთხი იური და იულია სუსლიაკების საერთო შვილია, ექვსი კი – იური სუსლიაკის.