„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრით დაზარალებულები მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქციას მართავენ
„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები მთავარ პროკურატურასთან დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ და მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პროტესტის უკიდურესი ზომით, თავის დაწვით იმუქრებიან.
როგორც დაზარალებულები ამბობენ, პროკურატურა დამნაშავეების დასჯის ნაცვლად, ხანძრის შემკვეთ და შემსრულებელ პირებს ხელს აფარებს.
დაზარალებულთა ადვოკატის, ფრიდონ სიხუაშვილის განცხადებით, პროკურატურის მხრიდან ვრცელდება ცრუ ინფორმაცია თითქოს, ისინი ზარალის ანაზღაურებას პროკურატურას სთხოვენ. მისი თქმით, დაზარალებულებისთვის ზიანის ანაზღაურება, როგორც „ბავშვთა სამყაროს“ ადმინისტრაციის, ისე ხელისუფლების ვალდებულებაა.
„ეს ადამიანები ითხოვენ ყველა დამნაშავის უსწრაფესად გამოვლენას და დასჯას. ხელისუფლება და პროკურატურა ხელს აფარებს დამნაშავეებს, არ იჭერენ მათ. უკვე წელიწადი და რვა თვე გავიდა. დღეს ეს ხალხი ალბობს, რომ საწვავი უნდა გადაისხან და დაიწვან თავი. მათ სახლებიდან ასახლებენ. ამ შემთხვევაში, პროკურატურა და ხელისუფლება დუმს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, უსწრაფესად დააკავოს ყველა დამნაშავე, რომ ამ ხალხმა შეძლოს ზიანის ანაზღაურება“, – განაცხადა სიხუაშვილმა.
ამასთან, აქციაზე ინციდენტიც მოხდა. ერთ-ერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა, რისი საშუალებაც ადგიზლე შეკრებილებმა და სამართალდამცველებმა არ მისცეს. რამდენიმე დაზარალებული კი, შეუძლოდ გახდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური მივიდა.
ბავშვთა სამყაროში ხანძართან დაკავშირებით წელიწადზე მეტია როგორც გამოძიება, ისე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. ამასთან, 2017 წლის 27 ივლისს, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა – ს.ს. „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი.