„ბავშვთა კოდექსის“ პროექტის მიხედვით, კონკრეტული პრობლემების მოგვარებაში შესაძლოა, სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებიც ჩაერთონ
ბავშვის ალტერნატიულ ზრუნვასთან დაკავშირებით „ბავშვის კოდექსის“ პროექტში კონკრეტული ჩანაწერი გაკეთდა.
პროექტში ნათქვამია, რომ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო განიხილავს და მონიტორინგს უწევს ბავშვის ალტერნატიული ზრუნვაში განთავსების საქმეებს, ოჯახის მოთხოვნის საფუძველზე კი, გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა მოხდეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ან სხვა შესაბამისი რელიგიური კონფესიის წარმომადგენლის ჩართვა და კონსულტირება.
როგორც პროექტის ავტორმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა, „ბავშვთა კოდექსის“ პროექტის მიხედვით, კონკრეტული პრობლემების მოგვარებაში შესაძლოა, სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებიც ჩაერთონ.
„კოდექსის მეცხრე ნაწილში, არის ასეთი დებულება, თუ პრობლემების შემთხვევაში ოჯახი ითხოვს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ან სხვა კონფესიის წარმომადგენლის ჩართვას, არის შესაძლებლობა, რომ ჩაერთონ პირები, ვისაც ოჯახი მოითხოვს და კონსულტაციების დონეზე იყოს შესაბამისი მოლაპარაკებები წარმოებული. ვფიქრობთ, ვისაც აქვს ამის სურვილი, უნდა მივცეთ საშუალება, მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც ძალიან დიდი არის მართლმადიდებლური ეკლესიის როლი განსაკუთრებით და რა თქმა უნდა, სხვა კონფესიებისაც იმ გადმოსახედიდან, რომელსაც თავად წარმოადგენენ. მგონია, რომ ძალიან კარგი ცვლილებაა“ – განაცხადა სოფო კილაძემ.