„ბავშვის უფლებათა კოდექსით“, ახალი სახის ადმინისტრაციული ჯარიმები იქნება შემოღებული
„ბავშვის უფლებათა კოდექსით“, ახალი სახის ადმინისტრაციული ჯარიმები იქნება შემოღებული

„ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ახალი სახის ადმინისტრაციული ჯარიმები დგინდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება 18 თებერვლის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტის თანახმად, მასობრივ გასართობ საცეკვაო ცენტრებში (ღამის კლუბებში) და ინტერნეტსალონებსა და კაფეებში ბავშვის დაშვების წესების დარღვევა გამოიწვევს საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.

პროექტით, მაუწყებლობის საშუალებებით გავრცელებული პროგრამების ასაკობრივი ნიშანდებისა და საეთერო დროის განსაზღვრის წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

ამასთან, ინიციატივით, ინტერნეტგვერდზე ბავშვისთვის საფრთხის შემცვლელი ინფორმაციის განთავსება, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ბიბლიოთეკებსა და ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებებში ბავშვის ინტერნეტ ქსელზე წვდომის წესების დარღვევა ან კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებებით, არასრულწლოვნისთვის განათლების მიღებაში ხელშეშლა, არასრულწლოვნის ჩაბმა ან გამოყენება ისეთი სამუშაოს შესასრულებლად, რომელიც ხელს უშლის განათლების მიღებაში ან საზიანოა მისი ჯანმრთელობის, ფიზიკური, გონებრივი, მორალური, ემოციური ან სოციალური განვითარებისთვის გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის შემთვევაში – 2 000 ლარის ოდენობით.

ასევე კანონპროექტით, 18 წლამდე ასაკის პირის ინდუსტრიაში ჩაბმა, სადაც ხდება ალკოჰოლური სასმელების, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებების, თამბაქოს ნაწარმის წარმოება, დასაწყობება, ტრანსპორტირება ან რეალიზაცია გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

ინიციატივით გათვალისწინებულია საჯარო კინოჩვენებებზე ბავშვის დაშვების წესების დარღვევაზე სანქციები. კერძოდ, პროექტით, საჯარო კინოჩვენებებზე ბავშვის დაშვების წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას – 1 000 ლარის ოდენობით. თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

ცვლილებებით, ჟურნალ-გაზეთებისა და ბეჭდური მედიის სხვა სახის პუბლიკაციების ბავშვზე მიყიდვა, ჩუქება ან სხვა ფორმით ხელმისაწვდომობა, რომლებიც შეიცავენ ბავშვისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციას, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.