ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჰაკათონი ტარდება. ჰაკათონის მიზანი ბავშვების უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების ციფრული გადაწყვეტების წახალისებაა. ჰაკათონი სახელწოდებით „დაჰაკე ჩარჩოებს მიღმა“ ისეთი ახალგაზრდების გაერთიანებას ცდილობს, რომლებსაც აქვთ იდეები, აინტერესებთ ტექნოლოგიები, და სჯერათ, რომ ინოვაციურ პროექტებს ბავშვების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია.
ჰაკათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც აქვს კოდის წერის, დიზაინზე და ტექსტებზე მუშაობის უნარი. ახალგაზრდებს შეუძლიათ ჩაერთონ კონკურსში როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად. ჰაკათონის დაწყების წინ გუნდებს მიეცემათ ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული კონკრეტული პრობლემა, რომელსაც 36 საათის განმავლობაში ციფრული გადაწყვეტა უნდა მოუძებნონ.
სამი საუკეთესო გადაწყვეტა, რომელიც ჰაკათონის ფარგლებში შეიქმნება, დაჯილდოვდება შემდეგი პრიზებით: Apple Watch, AirPods, iPad Mini
რეგისტრაციის პროცესი უკვე დაწყებულია და 3 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დარეგისტრირება მონაწილეობის მსურველებს ამ მისამართზე შეუძლიათ:http://hackoutsidethebox.demlab.ge/
ჰაკათონი გაიმართება 7-8 დეკემბერს, გამარჯვებულები კი, 17 დეკემბერს გამოვლინდებიან. პროექტს გაერო-ს ბავშვთა ფონდის, „იუნისეფის“ (UNICEF) მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორია ახორციელებს. ჰაკათონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ყველა გუნდს ჩაუტარდება ტრენინგი და დაურიგდება შესაბამისი მასალები, სადაც მოცემული იქნება საკითხთან დაკავშირებული გამოსადეგი ინფორმაცია და მონაცემები.
ინოვაციური გადაწყვეტის მომზადებაში გუნდები გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ეროვნული სტატისტიკის ბიუროს მიერ ჩატარებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის, (MICS) მონაცემებს გამოიყენებენ.