ბათუმში, კარანტინში მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბათუმში, კარანტინში მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

პირს, რომლის ანალიზის პასუხი ბათუმის ლაბორატორიამ საეჭვოდ მიიჩნია, ლუგარის თბილისის ლაბორატორიამ კორონავირუსი დაუდასტურა,- განცხადება ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გააკეთა. თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ რეგიონი მზად არის მოსალოდნელი შესაძლო გართულებებისთვის. მისი თქმით, ინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია.

„ზოგადად, კორონავირუსი არის გლობალური გამოწვევა. დღეს აჭარაში დაგვიდასტურდა იმპორტირებული დაინფიცირების პირველი შემთხვევა. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მედიკოსები აკეთებენ ყველაფერს. მისი მდგომარეობა არის სტაბილური. მთლიანად მთავრობა მუშაობს იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც გვაქვს. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, რომ არ ავყვეთ პანიკას, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ყველანაირი ქმედითი ღონისძიება გატარებულია და შესაბამისად, ჩვენ ამ გამოწვევას მოვერევით და ღირსეულად ვუპასუხებთ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ თვითიზოლაციის დარღვევის რამდენიმე შემთხვევა გვქონდა და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოქალაქეებს, არც ერთ შემთხვევაში არ დაარღვიონ წესები და ამით საფრთხე არ შეუქმნან როგორც საკუთარ, ასევე, განსაკუთრებით,  სხვების ჯანმრთელობას“, – განაცხადა რიჟვაძემ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ინფიცირებული პირი ევროპიდან დაბრუნების შემდეგ კარანტინში პირდაპირ აეროპორტიდან მოათავსეს და მას სხვა პირებთან კონტაქტი არ ჰქონია.

დღესვე ცნობილი გახდა იმ ოთხი მოქალაქის ანალიზის პასუხი, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ. არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა.

საქართველოში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.