აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ქალაქ ბათუმში დახურული სპორტული კომპლექსის – ყინულის არენისა და საცურაო აუზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა.
ლადო ასათიანის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე დახურული სპორტული კომპლექსის – ყინულის მოედნისა (ტრიბუნებით 1500 ადგილზე) და საცურაო აუზის (ტრიბუნებით 1000 ადგილზე) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და მშენებლობა დაიწყო.
კომპლექსის საორიენტაციო სამშენებლო ფართობია 16 000 მ², მათ შორის ყინულის მოედნის – 10500 კვ.მ, ხოლო საცურაო აუზის 5500 კვ.მ.
ყინულის მოედანი განკუთვნილი უნდა იყოს სასწავლო-სავარჯიშო პროცესისა და სხვადასხვა დონის შეჯიბრებების ჩასატარებლად, შემდეგ სახეობებში: – ფიგურული სრიალი – ჰოკეი – ასევე, ციგურებზე მასობრივი სრიალის, კულტურულ-სანახაობრივი და გასართობი ღონისძიებების, დღესასწაულების, კონცერტების და გამოფენების ჩასატარებლად.
საცურაო აუზი განკუთვნილი უნდა იყოს შეჯიბრებების ჩასატარებლად ცურვაში, წყალბურთში და მასობრივ ცურვაში, ტრიბუნებით 1000 დასაჯდომი ადგილი.
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული უნდა იყოს შშმ პირთათვის შენობის ადაპტაციის ღონისძიებები. შენობა უნდა იყოს ენერგოეფექტური.
პროექტის საერთო სავარაუდო ღირებულება 46 000 000 ლარია. მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წელში უნდა დასრულდეს.