ბათუმში ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ბათუმში ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბათუმში, ერთ-ერთ სუპერმარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა და თანამშრომელს იარაღის მუქარით 2 000 ლარი გასტაცა. ბრალდებული მიმალვის მცდელობისას სამართალდამცველებს არ დაემორჩილა და მათი მიმართულებით გასროლა განახორციელა, რა დროსაც პოლიციელებმა ის განაიარაღეს და დააკავეს. მომხდარი შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, ყაჩაღობის გზით დაუფლებული ფული და დანაშაულის ჩადენის იარაღი პოლიციის მიერ ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.