ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე ქაფშიით გარემოვაჭრეებს მუნიციპალურმა ინსპექციამ ტერიტორია დაატოვებინა
ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე ქაფშიით გარემოვაჭრეებს მუნიციპალურმა ინსპექციამ ტერიტორია დაატოვებინა

ხმაური იყო ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე. მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ თევზით, კონკრეტულად კი ქაფშიით მოვაჭრეებს ტერიტორია დაატოვებინა. გარემოვაჭრეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ ალტერნატიულ ტერიტორიაზე, სადაც მათ ვაჭრობას სთავაზობენ, მაღალი გადასახადია, რასაც ვერ იხდიან.

„მთელი გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა ვვაჭრობდით და ახლა გვაძევებენ, არჩევნები დასრულდა და აღარ ვჭირდებით“, – ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.

მუნიციპალურ ინსპექციაში კი აცხადებენ, რომ ქაფშია სულ რამდენიმე დღეა შემოვიდა და ორი დღის წინ ადგილობრივებისგან მიიღეს შეტყობინება ანტისანიტარიის შესახებ.

„30 მეტრში ვთავაზობთ ადგილებს თევზის ბაზრობაზე, ჩვენ მოველაპარაკეთ ადმინისტრაციას, რომ შეღავათით ისარგებლონ. ოთხი გარემოვაჭრეა, მათ მაინც ურჩევნიათ ქუჩაში ვაჭრობა. ვერანაირად ვერ დავუშვებთ. ადგილობრივებთან ერთად ჩვენმა ინსპექტორმა დააფიქსირა, რომ არის საშინელი ანტისანიტარია, ნარჩენები ჭედავს სანიაღვრე არხებს, ეს არის ქალაქის ცენტრი“, – აცხადებს ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის დირექტორის მოადგილე თენგიზ მესხიძე.

ტერიტორია ამ დროისთვის გათავისუფლებულია.