ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მართავენ
ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მართავენ

ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან საპროტესტო აქციას მართავენ მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები. აქციის მონაწილეები კრიმინალური ავტორიტეტის თურქეთის ციხიდან საემიგრაციო სამსახურში გადაყვანას ითხოვენ.

„დღესვე უნდა გადაიყვანონ საემიგრაციო სამსახურში. გადამწყვეტ ფაზაში შევედით, ასე გავაგრძელებთ გვერდით დგომას, ვიდრე მიზანს არ მივაღწევთ“, – ამბობს ლავასოღლის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მინდია ლავასოღლი 28 თებერვალს თურქეთის ციხიდან გადაიყვანეს საემიგრაციო სამსახურში და იმავე დღეს უკანვე შეაბრუნეს. მათივე თქმით, ის მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

„კომუნიკაციაზე ვერ გავდივართ, აქედან არ წავალთ, სანამ მიზანს არ მივაღწევთ. თურქული მხარისგან მოვითხოვთ, მოგვექცენ სამართლიანად, სხვა არაფერი. 28 თებერვალს დადგეს სპექტაკლი, გადაიყვანეს საემიგრაციოში და შემდეგ მოიტაცეს და უკან შეაბრუნეს. არ დავუთმობთ მინდიას არავის. თურქეთში ის ბრალდებული არ არის და ექვემდებარება ექსტრადიციას მესამე ქვეყანაში“, – ამბობს დაკავებულის და ირინა ლავასოღლი.

აქციის მონაწილეები საკონსულოსთან ელოდებიან თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადაც ლავასოღლის ციხეში დაბრუნება ახლობლებმა გაასაჩივრეს. გადაწყვეტილება 15:00 საათზე უნდა გახდეს ცნობილი. რა ფორმით გაგრძელდება აქცია, სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გახდება ცნობილი.