ბათუმში გამოჩენილი ქართველი კინოდრამატურგის, სულიკო ჟღენტის სახელობის კინომუზეუმი იხსნება. მუზეუმის პროექტისა და კონცეფციის ავტორები ოლიკო და ქეთევან ჟღენტები არიან.
„მსოფლიოს ზღვისპირა ქალაქებში ერთგვარი სახელოვნებო ტენდენციაა კინომუზეუმების არსებობა. ბათუმი ნამდვილად იმსახურებს, რომ ჰქონდეს ასეთი სამუზეუმო სივრცე“, – აცხადებს ოლიკო ჟღენტი.
მუზეუმის მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წელს ძველი ბათუმის ცენტრში, ხულოს ქუჩაზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლში დაიწყება. ეს იქნება თანამედოვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მულტიმედიური კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც როგორც ქართული, ისე უცხოური კინოს ისტორიითა და საეტაპო მნიშვნელობის დოკუმენტური მასალებით აღიჭურვება.
ბათუმში სულიკო ჟღენტის კინომუზეუმის გახსნის ინიციატივა 2020 წლის 22 ივნისს, კინოდრამატურგის დაბადებიდან 95 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გაცხადდა. პროექტს მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდება.