ბათუმში სპეცოპერაციის შედეგად ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბულგარეთის ორ მოქალაქეს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ
ორი მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანისა და რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები ბათუმიდან თბილისში არიან გადაყვანილი.
ბულგარეთის მოქალაქეებს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ. ჯერ უცნობია დაკავებულების პოზიცია.
სპეცოპერაცია საქართველოს ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციის დეპარტამენტმა, პროკურატურამ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციასთან ერთად განახორციელა. გამოძიების ინფორმაციით, ამოღებულია 40 კგ ჰეროინი, რომლის ღირებულება შავ ბაზარზე ორი მილიონი დოლარია. დააკავეს ბულგარეთის ორი მოქალაქე, რომლებმაც გამოძიების ინფორმაციით, ნარკოტიკები საქართველოში მსუბუქი ავტომობილით შემოიტანეს და მის ევროპაში რეალიზებას აპირებდნენ. გამოძიების თანახმად, ამ ორმა პირმა 2020 წლის მარტში სომხეთიდან საქართველოში მსუბუქი ავტომობილით, სპეციალური სამალავით, უკანონოდ გადმოზიდეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და აპირებდნენ ნარკოტიკების ცენტრალურ ევროპაში გადატანას.