ბათუმში სმენადაქვეითებული ბავშვების ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ლილესა“ და ჟესტური სიმღერის ანსამბლის „ხელები ჩემი ხმაა“ კონცერტი გაიმართა
„ერთად თანაბარი გარემოსათვის“ – ბათუმის საზაფხულო თეატრმა დღეს სმენადაქვეითებული ბავშვების ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ლილესა“ და ჟესტური სიმღერის ანსამბლის „ხელები ჩემი ხმაა“ კონცერტს უმასპინძლა.
ორივე ანსამბლი „საქართველოს ყრუთა კავშირთან“ მოქმედებს. სწორედ ეს ორგანიზაცია იყო დღევანდელი კონცერტს ორგანიზატორი, რომელიც კულტურული მრავალფეროვნების დიალოგისა და განვითარების მსოფლიო დღეს ეძღვნება.
მსგავსი ფორმატის ღონისძიება საქართველოში პირველად გაიმართა. ღონისძიების მხარდამჭერები ბათუმის მერია და საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტრო იყვნენ. ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეები, თუმცა კონცერტმა ფაქტობრივად ცარიელ დარბაზში ჩაიარა.
„ეს გახლავთ ჟესტური სამყარო, შესაძლებლობები არის თანაბარი. სმენადაქვეითებულ ადამიანებსაც შეუძლიათ მოსმენა და შეუძლიათ ყველა იმ საქმიანობის შესრულება, რასაც აკეთებენ სხვა ადამიანები. გვინდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება“, – განაცხადა „საქართველოს ყრუთა კავშირის“ ვიცე-პრეზიდენტმა, მაია მეტონიძემ.
კონცერტს სმენადაქვეითებული ბავშვების ის ანსამბლებიც შეუერთდნენ, რომლებიც ბათუმში მოქმედებს.