ბათუმში, „სირცხვილიას“ აქტივისტებმა, რომლებიც საღამოს საათებში გადაადგილების შეზღუდვას აპროტესტებენ, მსვლელობით აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან გადაინაცვლეს
ბათუმში „სირცხვილიას“ აქტივისტებმა, რომლებიც საღამოს საათებში გადაადგილების შეზღუდვას აპროტესტებენ, მსვლელობით აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს.
მცირედ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი, როცა აქციის მონაწილეებმა სამმართველოს შენობის წინ ქუჩაში წარწერების გაკეთება სცადეს, რის საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.
„განგიმარტავთ, რომ გზის სავალ ნაწილზე წარწერების გაკეთება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მიხედვით არის დანაშაული, ამიტომ ვერ მოგცემთ წარწერების გაკეთების საშუალებას“, – მიმართა აქციის მონაწილეებს ერთ-ერთმა სამართალდამცველმა.
„აქ ვაპროტესტებთ ჩვენი აქტივისტების დაკავებას, მათზე არაპროპორციული ძალის გამოყენებას, გავაპროტესტებთ კიდევ მრავალჯერ იმას, რომ რაც პოზნერისთვის არის დასაშვები, ჩვენთვისაც დაშვებული უნდა იყოს“, – განაცხადა ზუკა ბერძენიშვილმა.