ბათუმში შეკრებილი ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ აქციები ახალი წლის შემდეგაც გაგრძელდება
საპროტესტო მსვლელობის შემდეგ ოპოზიცია აქციას ვარდების სკვერში მართავს.
ოპოზიციის ლიდერები პოლიტიკური განცხადებებით გამოდიან. აქციის მონაწილეებს მიმართეს შალვა ნათელაშვილმა, დავით ბერძენიშვილმა, ზაალ უდუმაშვილმა, ასევე ოპოზიციის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა.
„ყოველთვის იყო დედაქალაქთან ბათუმი. ჩვენ ვიცით, რა არის ბრძოლა თავისუფლებისთვის. ბათუმში ხალხი ყავას სვამს, აზროვნებს და თავის სიტყვას ამბობს. როცა არის არჩევანი თავისუფლებასა და არათავისუფლებას შორის, ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას. ჩვენ ვაიძულებთ ხელისუფლებას არჩევნების გზით წავიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ისე აორთქლდება, როგორც შევარდნაძის, ასლან აბაშიძის პოლიტიკური ძალები. პროპორციული არჩევნები მათ აძლევთ საშუალებას ჰყავდეთ მათი წარმომადგენელი“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა
„დარწმუნებული ვარ, ბათუმიდან დაიწყება ივანიშვილის დამხობა, არავის მივცემთ უფლებას, არჩევნები მოგვპაროს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ოპოზიციის ლიდერების თქმით, საპროტესტო აქციები პროპორციული არჩევნების მოთხოვნით ახალი წლის შემდეგაც გაგრძელდება.