ბათუმში საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული უკრაინის ორი მოქალაქის, ასევე მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ბათუმში საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული უკრაინის ორი მოქალაქის, ასევე მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული უკრაინის ორი მოქალაქის, ვოლოდიმირ დიაჩენკოსა და იური ხომიჩის, ასევე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის, მიხეილ ბატურინის პროცესი მიმდინარეობს.

საქმეს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე განიხილავს. დაკავებულთა ინტერესებს ადვოკატი ბექა ბასილაია იცავს.

ადვოკატის თქმით, დაკავებულები უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან. მან ასევე წარმოადგინა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა დაკავებულთა გათავისუფლების თაობაზე.

„დაკავებულები ქართული ხელისუფლების მძევლები არიან. ისინი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში იმყოფებოდნენ, მშვიდობიანი გავლის უფლებით. საერთაშორისო კონვენციებით, ქართული კანონმდებლობით, ტერიტორიულ წყლებში მშვიდობიანი გავლა არის ნებადართული ნებისმიერი სახელმწიფოს ნებისმიერი არასამხედრო გემისთვის. ყოველგვარი ნებართვის, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ისინი ტერიტორიულ წყლებში შეაჩერეს და მათთვის არ განუმარტავთ არანაირი ნორმა, მათ პოტენციურად დაერღვიათ. მათი დაკავებიდან ორ თვეზე მეტი დრო გავიდა და ამ დრომდე კითხვაზე პასუხი არ გვაქვს, კანონმდებლობის რომელი მოთხოვნა დაარღვია რომელიმე მათგანმა მაინც. წარდგენილი ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა. ფაქტობრივად ჩვენ გვყავს მძევლები, უკრაინის მოქალაქეები ქუთაისის ციხეში გამომწყვდეული. წარმოგიდგენთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტას, სადაც მკაფიოდ არის უკრაინული მხარის პოზიცია და ითხოვენ მათ გათავისუფლებას. უფლებები ილახება უკრაინის მოქალაქეების. ისინი მეზღვაურები არიან“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

დღევანდელ პროცესზე საქმესთან დაკავშირებულ მტკიცებულებებს განიხილავენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დაკავება უკანონოდ განხორციელდა. გარდა ამისა, მათი თქმით, ეს პროცესი ართულებს უკრაინასთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას.

„ისინი არიან აბსოლუტურად უკანონოდ დაკავებული. ეგონათ, რომ მიხეილ სააკაშვილი შემოჰყავდათ. ეს ნათელი მაგალითია, თუ რამდენად არის „ქართული ოცნება“ მიშაფობიით შეპყრობილი“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრობის“ წევრმა, ბონდო თედორაძემ.