ბათუმში საზაფხულო თეატრის რეაბილიტაცია დასრულდა. თეატრი უახლოეს პერიოდში უმასპინძლებს კულტურულ ღონისძიებებს.
რეაბილიტაციის ფარგლებში, განახლდა თეატრის ინტერიერი, განათებისა და გახმოვანების სისტემები. მოწესრიგდა შენობის გარე ფასადი. თეატრის ტერიტორიაზე დამონტაჟდა სახანძრო უსაფრთხოების სისტემა.
პროექტის ღირებულება 500 000-მდე ლარს შეადგენს.
„სულ მალე, როგორც ბათუმელები, ასევე ქალაქის სტუმრები შეძლებენ განახლებულ თეატრში, ახალ გარემოში საინტერესო თეატრალურ წარმოდგენებსა და კონცერტებზე დასწრებას“, – აცხადებს ქალაქის მერი არჩილ ჩიქოვანი.
საზაფხულო თეატრის ხის უნიკალური შენობა ბათუმის ბულვარში 1947 წელს გაიხსნა. 1998 წელს შენობა დაიწვა, 2013 წელს კი განახლდა. იგი ძველ ადგილზე, ბულვარის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. თეატრი 1 200 მაყურებელს იტევს.