ბათუმში, ევროპის მოედანზე, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
„რუსეთი ოკუპანტია“, „სირცხვილია“, „უსამართლო სასამართლო“, „ნუ მესვრი“, – ამ შინაარსის ტრანსფარანტებით გამოვიდნენ სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს. ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ.
„უნდა გადადგეს გიორგი გახარია და შეიცვალოს სისტემა. ადგილების გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ივანიშვილს ნებისმიერის მოსყიდვა შეუძლია, ამიტომ პიროვნებების გადანაცვლებით არაფერი შეიცვლება. ის, რაც მოხდა, არის სულში ჩაფურთხება და მოტყუება“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა გიორგი ქამადაძემ.
აქციის მონაწილეთა ნაწილი კი აცხადებს, რომ ისინი პოლიტიკურ პარტიებს ემიჯნებიან და აქციაზე რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ გამოვიდნენ.