ბათუმში, პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მცირე ინციდენტი მოხდა. ამ წუთებში იგი შეხვედრას ხელოვნების ცენტრის დარბაზში მართავს.
პრეზიდენტობის კანდიდატს სიტყვით გამოსვლის დროს დარბაზიდან ერთ-ერთმა მოქალაქემ, ასლან ვაშაყმაძემ შეძახილებით მიმართა. ასლან ვაშაყმაძემ განაცხადა: „თქვენ არ ხართ პრეზიდენტობის ღირსი და არ შეიძლება, გახდეთ საქართველოს პრეზიდენტი”. ამ შეძახილის შემდეგ ვაშაყმაძე დარბაზიდან ზურაბიშვილის მხარდამჭერებმა გააძევეს.
„დღეს ბათუმში გამაფრთხილეს, რომ იქნება რაღაც პროვოკაციები, ეს რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. ასეთი რამ ხდება ბევრგან, ეს არის ჩვენი მეზობლის სტრატეგია, ამიტომ ნუ მიაქცევთ ყურადღებას. მე თუ არ ვნერვიულობ, თქვენც ნუ ინერვიულებთ, რაც უფრო ვუახლოვდებით გამარჯვებას, უფრო გამძაფრდებიან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ბათუმში მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ განცხადება დღეს “ქართული ოცნების” პრესსამსახურმაც გაავრცელა.