ბათუმში საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე ავტომანქანების დეზინფექცია დაიწყო
ბათუმში საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე ავტომანქანების დეზინფექცია დაიწყო

ბათუმში საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე ავტომანქანების დეზინფექცია დაიწყო. სპეციალური ხსნარით ამუშავებენ როგორც მსუბუქ, ასევე სატვირთო ავტომობილებს. ქალაქში მიმავალი ავტომანქანების კონტროლს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები თავდაცვის სამინისტროს დანაყოფებთან ერთად ახორციელებენ. საველე კარავში მძღოლებთან ერთად თერმოსკრინინგს გადიან მგზავრებიც.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, დღის განმავლობაში რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა, ყველა პირი დაჯარიმდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდაცვის სამინისტროსთან ერთად 24 საათის განმავლობაში ვიცავთ საგანგებო რეჟიმს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა როგორც საკონტროლო-გამშვებ პუნქტებ​ს, ასევე სოფლებიდან დამაკავშირებელ გზებს. მთლიანად ქალაქში პატრულირება ხორციელდება. ვაკვირდებით და მონიტორინგს ვუწევთ, რამდენად იცავენ ადამიანები დადგენილ წესებს. ავტონომიური რესპუბლიკის მასშტაბით იყო რამდენიმე დარღვევა. ყველა პირი, ვინც კანონი დაარღვია დაჯარიმდა. თერმოსკრინინგისას დღეს მაღალი ტემპერატურა არ დაფიქსირდა. გუშინ კი გიდასტურებთ რამდენიმე ფაქტის გამოვლენას“,- განაცხადა კოტე ანანიაშვილმა.

საკონტროლო პუნქტები ბათუმში სამ ლოკაციაზე მოეწყო. დამატებითი საგუშაგოებია რამდენიმე სოფელთან დამაკავშირებელ გზებზეც.