აჭარაში, ბათუმის სასტუმროში „ვილმონდში“ მოწყობილი საკარანტინო სივრცე 104-მა მოქალაქემ დატოვა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ისინი 14-დღიანი საკარანტინო პერიოდის განმავლობაში ექიმთა მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ და ოჯახებს ჯანმრთელები დაუბრუნდნენ.
უწყების ცნობით, თითოეულმა მათგანმა საკარანტინო სივრცის დატოვებამდე სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. მოქალაქეთა ტრანსპორტირება ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო.
„კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ორგანიზებას უწევს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საკარანტინო სივრცეების ორგანიზებას. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 3715 ადამიანი იმყოფება, რომლებიც 84 სასტუმროში არსებულ საკარანტინო სივრცეებში არიან განთავსებული. კარანტინის ვადა სულ 16668 ადამიანს დაუსრულდა“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.