ბათუმში საფლავები გაძარცვეს. შვიდი საფლავიდან ბრინჯაოსა და სპილენძის ბარელიეფები მოიპარეს.
ფერიის სასაფლაოზე შემთხვევები ბოლო ოთხი დღის განმავლობაში დაფიქსირდა, საქმეზე გამოძიებაც დაიწყო, თუმცა ამის მიუხედავად, ერთი საფლავი გუშინ გვიან ღამით ისევ გაძარცვეს. მოსახლეობა მკაცრ რეაგირებასა და ღამის დარაჯის დანიშვნას ითხოვს.
„ოთხი დღეა, სასაფლაოებს ქურდავენ. რამდენიმე სურათი უკვე გამზადებულია წასაღებად, მაგასაც ალბათ ამ დღეებში წაიღებენ. ექვსი საფლავი გაქურდული იყო. გუშინ ჩემი ხელით გავწმინდე სურათი, დღეს აღარ დამხვდა. ცოდოა ხალხი. აქ ღამის დარაჯი თუ არ დაინიშნა, არაფერი გვეშველება“, – აცხადებს სასაფლაოების მომვლელი ქეთო ბაკურიძე.
საქმეს ბათუმის პოლიციის მეხუთე განყოფილება სწავლობს. გამოძიება მიმდინარეობს 258-ე მუხლით, რაც მიცვალებულისთვის უპატივცემულობას გულისხმობს და 2-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.