ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა იწყება
ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა იწყება

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა იწყება. 100 მილიონიანი პროექტის საძირკველს დღეს საზეიმო ვითარებაში ჩაეყარა საძირკველი.

20 ათას მაყურებელზე გათვლილი, უეფა-ს სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მშენებლობა 34 თვეში 2020-წელს უნდა დასრულდეს.

„სიამაყით მინდა ვთქვა, რომ სტადიონის პარალელურად ბათუმში რამდენიმე ძვირადღირებული სპორტული კომპლექსი შენდება. ეს არის ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, ჩვენი შვილების მომავალი”,- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ.

საზეიმო ცერემონიას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძეც ესწრებოდა.

„ეს შესაძლებლობას მოგვცემს მოვიზიდოთ მეტი ტურისტი, ანუ დასაქმდეს უფრო მეტი ადამიანი, რეგიონში პარალელურად რამდენიმე პროექტი ხორციელდება, მინდა მოგილოცოთ, ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე”, -განაცხადა მინისტრმა.

სტადიონი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე აშენდება.

როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ხშირად ითამაშებს.

„ყველას ოცნება იყო და ყველას ჰქონდა ერთი შეკითხვა, როდის აშენდება ბათუმში სტადიონი, მე ვარ ამაყი, რომ ამ შეკითხვას გაეცა პასუხი, ისტორიული დღეა, ამ სტადიონზე ხშირად ითამაშებს ეროვნული ნაკრები”-განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ბათუმში ზღვისპირა სტადიონი 2006 წელს დაანგრიეს, მას შემდეგ ქალაქს სტადიონი არ აქვს. რამდენჯერმე შეიცვალა პროექტი, ჩაიშალა ასევე რამდენიმე ტენდერი. ამჯერად პროექტს კომპანია „ანაგი“ განახორციელებს.