ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი (BIAFF) გაიხსნა. გახსნის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, რიგით მე-13 ფესტივალის კინოჩვენება საბჭოთა ცენზურის მიერ აკრძალული ქართული ფილმით „ჩემი ბებია“ დაიწყო.
კინოფესტივალზე ცნობილ ქართველ ოპერატორს, ლომერ ახვლედიანს მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის ყოველწლიური სპეციალური პრიზი გადასცეს.
კინოფესტივალზე წელს სხვადასხვა სექციაში წარმოდგენილი იქნება 40-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი, ასევე 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30 ქვეყნიდან.
ბათუმის კინოფესტივალზე წელს პირველად იქნება წარმოდგენილი ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიური, რომელიც საერთაშორისო მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციას შეაფასებს და გამოავლენს კინოკრიტიკოსთა რჩეულ ფილმს, რომელსაც გადაეცემა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ დაწესებული პრიზი.
ფესტივალის კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა.