ბათუმში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მომსახურების ცენტრი გაიხსნება
ბათუმში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მომსახურების ცენტრი გაიხსნება

ბათუმში ხვალ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მომსახურების ცენტრი გაიხსნება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, წარმომადგენლობის მეშვეობით,  არა მხოლოდ სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამებისა და პირობების, არამედ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კერძო სექტორის მხარდაჭერის ყველა ფინანსური მექანიზმის შესახებ ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის უფრო ეფექტიანად იქნება შესაძლებელი.

იუსტიციის სახლში განთავსებული მომსახურების ცენტრში, ნებისმიერი დაინტერესებული პირი ბიზნესსექტორის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღების გარდა, შეძლებს ისეთი მომსახურებით სარგებლობას როგორიცაა: სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მონაცემთა ბაზაში არსებულ პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან დაკავშირება, მცირე და საშუალო მეწარმეების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა და სხვა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, აჭარის რეგიონში სულ 2014 წლიდან მხარდაჭერილია 19 პროექტი (მოიცავს ინდუსტრიულ, სოფლის და სასტუმროს მიმართულებებს), რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 37,8 მლნ ლარზე მეტია, საიდანაც კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული სესხების მოცულობა ჯამში 24,7 მლნ ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტებით სულ შეიქმნება 700-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. ამასთანავე, მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში, 2015-2017 წლებში მხარდაჭერილია 520 პროექტი, თანადაფინანსების სახით გაიცა 4 მლნ ლარზე მეტი, ხოლო დაფინანსებული პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 5 მლნ ლარამდეა, სადაც ჯამში დაფინანსებულია 870 ბენეფიციარი. სულ შეიქმნება 1000-ზე მეტი სამუშაო ადგილი.