ბათუმში, რურუას ქუჩაზე მდებარე კორპუსის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ შენობის ჩამონგრევის საფრთხე არსებობს
ბათუმში, რურუას ქუჩის N 1 ა ნომერში მდებარე ხუთსართულიანი სახლის მაცხოვრებლებმა შენობა დატოვეს. 72 ოჯახი ამ დროისთვის გარეთაა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, არსებობს შენობის ჩამონგრევის საფრთხე. მათივე ცნობით, დღეს პირველ სართულზე მაცხოვრებელმა ერთ-ერთმა მოქალაქემ შენიშნა, რომ ჭერიდან ქვები ჩამოცვივდა, ასევე ნაწილობრივ ჩამოინგრა ერთ-ერთი მზიდი კედელი. ამასთან, მაცხოვრებლების თქმით, კედლები დამსკდარია სხვა სართულებზეც.
აღნიშნულის შემდეგ, კორპუსის მაცხოვრებლებმა შენობა დატოვეს.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და ბათუმის მერიის წარმომადგენლები. ჯერჯერობით შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
როგორც ადგილზე მცხოვრები მოქალაქეები აცხადებენ, აღნიშნული სახლი ავარიულად ითვლება, ორჯერ მოხდა მისი გამაგრება, თუმცა უშედეგოდ.