ბათუმში მალე რამდენიმე შეჩერებული მშენებლობა განახლდება, აჭარის მთავრობამ ინვესტორებთან ახალ შეთანხმებებს მიაღწია, ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საინვესტიციო პირობების გადახედვის განკარგულებამ წარმატებით იმუშავა.
„ჩვენ შევძელით პრაქტიკულად ყველა გაჩერებული საინვესტიციო პროექტის გადახედვა, ამ პირობების გადახედვა მოხდა სახელმწიფოს ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით, 40-მდე კომპანიამ უკვე წარმოადგინა საბანკო გარანტია სახელმწიფოს სასარგებლოდ, რომლის საფუძველზეც გადაიხედა პროექტების განხორციელების ვადები. დარწმუნებული ვარ, წელს იქნება გარღვევის წელიწადი საინვესტიციო პროექტების წარმატების მხრივ”,-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე.
მისივე თქმით. აჭარაში არც ერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტი არ უნდა იყოს შეჩერებული.
ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე 141 მეტრი სიმაღლის „ბაბილონ თაუერის“ მშენებლობა, რომელიც წლების წინ მშენებელი კომპანიისა და ინვესტორებს შორის სასამართლო დავის გამო შეჩერდა, 2021 წლისთვის დასრულდება და 168 ნომერზე გათვლილი მულტიფუნქციური კომპლექსი ექსპლუატაციაში შევა.
ახალი შეთანხმება ინვესტორმა საბანკო გარანტიების საფუძველზე მიიღო. ხელშეკრულების დარღვევისთვის 2019 წლის 27 თებერვლის მდგომარეობით, მშენებელ კომპანია „ტამ გეოს“ ჯამში 7 599 941,55 ლარისა და 14 276 191 დოლარის პირგასამტეხლო ერიცხება, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან ახალი ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, კომპანიამ ვალების ჩამოწერის გარანტია მიიღო. ანალოგიური შეთანხმება მიღწეულია „კემპინსკის” მშენებელ კომპანიასთანაც.
აჭარაში გაჩერებული საინვესტიციო პროექტის გაგრძელების მიზნით, საბანკო გარანტია 40-მდე კომპანიამ წარმოადგინა. ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ, დავალიანებები მათაც ჩამოეწერებათ.