ბათუმში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ მუხრან ვახტანგაძის ბიუროსთან აქცია იმართება
ბათუმის მერიასთან, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის მუხრან ვახტანგაძის ბიუროა, საპროტესტო აქცია იმართება.
აქციას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „გამარჯვებული საქართველოს“ აქტივისტები, ასევე ორგანიზაცია „ალტერნატივისა“ და „ახალგაზრდა ლიდერების“ წევრები მართავენ.
ბათუმის მერიასთან შეკრებილები მაჟორიტარ მუხრან ვახტანგაძესთან შესვლას ითხოვენ და აცხადებენ, რომ დეპუტატთან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ.
„გვინდა შევიდეთ თავად მუხრან ვახტანგაძესთან, რომელსაც კითხვით მივმართავთ, თუ იცის რა განსხვავებაა პროპორციულ და მაჟორიტარულ არჩევნებს შორის“,- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ხალვაშმა.
აქციის მონაწილეებს დაცვის თანამშრომლები შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. აქცია ბათუმის მერიასთან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.