ბათუმში პატრულ-ინსპექტორის დაჭრაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
ბათუმში პატრულ-ინსპექტორის დაჭრაში ბრალდებული 37 წლის გელა ჭაღალიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.
პროცესი 12:00 საათზე იწყება.
შემთხვევა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. შსს-ს ცნობით, მიმდინარე წლის 18 დეკემბერს, ბათუმში, მოქალაქემ საპატრულო ეკიპაჟის წევრები ოთარ თავართქილაძე და ავთანდილ მჟავანაძე გააჩერა. მოულოდნელად აღნიშნულმა პირმა პატრულ-ინსპექტორ თავართქილაძეს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი პოლიციელის მეწყვილემ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზევე დააკავა. დაკავებისას, ბრალდებულმა მჟავანაძესაც მიაყენა ფეხის არეში მსუბუქი ჭრილობა.
დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ედება, რაც პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობას გულისხმობს.
ამასთან, ბათუმში დაჭრილი პატრულ-ინსპექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მას დღეს რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანენ.