ბათუმში ოთხი წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ბათუმში ოთხი წლის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ უზბეკეთის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პროცესი დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.
ბრალდებული თავს დამნაშავედ ცნობს. მის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავს.
საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ უზბეკეთის მოქალაქე ბათუმში მიმდინარე წლის 11 მაისიდან ცხოვრობს. იგი ნათესავთან იმყოფებოდა, რომელიც თურქეთში წავიდა და ბავშვი მას დაუტოვა, თუმცა ბავშვის დედა დეპორტაციის შედეგად, უზბეკეთში დააბრუნეს. მცირეწლოვანი კი, ბათუმში დარჩა.
გუშინ ბათუმში ოთხი წლის გოგონას მკვლელობის გამო, ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე, ერთ-ერთ დასახლებაში მოხდა. დაკავებული დაღუპული გოგონას დედის მეგობარია. გავრცელებული ინფორმაციით, მან ბავშვი ცემის შედეგად მოკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.