ბათუმში ოთხი წლამდე ბავშვის მკვლელობის ბრალდებით, არსებული ინფორმაციით, ყირგიზეთის მოქალაქეა დაკავებული. ადგილობრივი მცხოვრებლების ყვებიან, რომ მკვლელობის შემდეგ, ქალმა მოკლული ბავშვის ცხედარი პოლიციის განყოფილებაში თავად მიიტანა.
მოკლული გოგონა ბრალდებულის მეგობრის შვილი იყო.
ადგილობრივი მცხოვრებლების მონაყოლით, ყირგიზეთის მოქალაქე ორმა ქალბატონმა ერთი თვის წინ ბინა ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე იქირავა. მათ საცხოვრებელი სახლის ერთი ნაწილი მიაქირავეს, რომელსაც ცალკე შესასვლელი აქვს. ოჯახის დიასახლისი, თამარ დიასამიძე ჰყვება, რომ მომხდარის შესახებ თავადაც პოლიციისგან შეიტყო.
„ერთი თვის წინ მივაქირავე. ორი ქალი იყვნენ. დილით მაღაზიაში მიდიოდნენ, საღამოს ბრუნდებოდნენ. ვიცოდი, რომ ბავშვი ჰყავდათ, თუმცა იგი კონტაქტზე საერთოდ არ გამოდიოდა და სიმართლე გითხრათ, წესიერად არც კი მინახავს. საეჭვო არაფერი შემიმჩნევია. წუხელ პოლიცია მოვიდა და გვითხრა, რომ ბავშვი ქალმა მოკლა და თავად მიიტანა ცხედარი პოლიციაში“, – ამბობს თამარ დიასამიძე.
დიასამიძეების მეზობელი გივი მიქელაძე ჰყვება, რომ ქალი და ბავშვი ნანახი ჰყავს, როცა ისინი მიკროავტობუსს ელოდებოდნენ. მისი ვერსიით, მკვლელობა დანის გამოყენებით მოხდა.
„აქ ვხედავდი, ავტობუსს ელოდებოდნენ. არაფერი განსაკუთრებული არ შემინიშნავს. გუშინ ვნახე კიდევ, პოლიციელებს რომ უხსნიდა, რაღაც სანაგვე ყუთში ჩავაგდეო. ყუთიდან სისხლიანი ზეწარი და დანა ამოიღეს. ასე თქვეს, დანით მოკლა ბავშვიო“, – ამბობს გივი მიქელაძე.
ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას მკვლელობის შესახებ უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე. მისი განცხადებით, დედამ მეგობარს შვილი დაუტოვა და თითონ რამდენიმე თვის წინ ყირგიზეთში დაბრუნდა. მეგობარს კი ბავშვი შემოაკვდა.
„ჩემი ინფორმაციით, დედა წავიდა სამი თვის წინ ყირგიზეთში და ბავშვი დაუტოვა დაქალს. მე როგორც ვიცი, ისინი არიან ყირგიზეთის მოქალაქეები. შემთხვევა გუშინ მოხდა. ქალმა გარდაცვლილი თავად მიიყვანა პოლიციაში და განაცხადა, რომ ცემის დროს შემოაკვდა. იგი სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა. მე ინფორმაცია მთავარი სამმართველოსგან გამოვითხოვე“, – ამბობს თამაზ ბაკურიძე.
მკვლელობა ბათუმში გუშინ მოხდა. ოთხ წლამდე ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს და 13-და 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.