ბათუმში ოპოზიციურმა პარტიებმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმეს და შეთანხმებული კანდიდატები წარმოადგინეს
დღეს ბათუმში ოპოზიციურმა პარტიებმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა 2021 წლის არჩევნებში ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი და შეთანხმებული კანდიდატები წარმოადგინეს. ასევე მოხდა ბათუმის მერისა და ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტის პრეზენტაციაც.
შეთანხმების მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება ექიმი ვახტანგ კალოიანი – „ევროპული საქართველოდან“;
ოპოზიციიდან მერობისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კირთაძე იბრძოლებს, მერის მოადგილეობის კანდიდატებად კი ოპოზიციამ სამოქალაქო აქტივისტები – გენრი დოლიძე და გოჩა გუგუნავა დაასახელა.
ბათუმის შვიდი მაჟორიტარული ოლქიდან სამში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იბრძოლებენ, თითო-თითო ოლქში კი პარტია „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ევროპული საქართველოსა“ და პარტია „ელენე ხოშტარია – დროას“ შეთანხმებული კანდიდატები.
დოკუმენტს ათზე მეტი სუბიექტი აწერს ხელს.
„2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც რეფერენდუმის ხასიათს ატარებს, ოპოზიცია თანხმდება, მხარი დაუჭირონ წარმოდგენილ კანდიდატებს, ითანამშრომლონ საარჩევნო საკითხებში, დაიცვან ერთმანეთის ხმები, გამარჯვების შემთხვევაში კი გააგრძელონ თანამშრომლობა და კოალიციურად განახორციელონ ბათუმისა და აჭარის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობა“, – აღნიშნულია ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბათუმში საერთო ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიდატები არიან:
1. ბექა დიასამიძე – „სტრატეგია აღმაშენებელი“ – საარჩევნო ნომრით – 1
2. ნაზი ფუტკარაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – საარჩევნო ნომრით – 5
3. გენო თებიძე – „ლელო საქართველოსთვის“ – საარჩევნო ნომრით – 9
4. ნოდარ დუმბაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – საარჩევნო ნომრით – 5
5. დიმიტრი დარჩია – პოლიტიკური პარტია „ელენე ხოშტარია – დროა“ – საარჩევნო ნომრით – 32
6. ნუგზარ ფუტკარაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – საარჩევნო ნომრით – 5
7. ვახტანგ კალოიანი – „ევროპული საქართველო“ – საარჩევნო ნომრით – 2
ზემოთ ჩამოთვლილი პარტიების გარდა, ოპოზიციის წარმომადგენელთა ინფორმაციით, შეთანხმებას ხელს აწერენ „ერთიანი საქართველო“, პარტია „ემსახურე საქართველოს“, „მერაბ კოსტავას საზოგადოება“, „საზოგადოება ბათუმელი“ და სხვა ორგანიზაციები.