ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის პროექტირება დაიწყო
ბათუმში „ოცნების ქალაქში“, სადაც 582 თვითნებურად შესახლებული ოჯახისთვის სამი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, მალე იმავე მასშტაბის ახალი პროექტი განხორციელდება, – ამის შესახებ ინფორმაცის აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის პროექტირება დაიწყო. იგი მთლიანი ტერიტორიის დაგეგმარებას, სწორ ურბანულ განვითარებას, საგანმანათლებლო, საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცეების შექმნას გულისხმობს.
„ოცნების ქალაქში“ დამატებით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი აშენდება. მეორე ეტაპის ფარგლებში ტერიტორიაზე ასევე საპარკინგე ზონა, საბავშვო მოედანი, საფეხმავლო, ველობილიკები და გარე განათებები მოეწყობა. საცხოვრებელი სახლები გაზმომარაგების, წყლისა და წყალარინების სისტემებით აღიჭურვება. მოქალაქეებს ადგილზე ასევე სხვადასხვა სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა ექნებათ.
უკვე გამოვლენილია კომპანია, რომელიც მეორე ეტაპის პროექტირებას განახორციელებს. კომპანია „ნიუ სითი დეველოპმენტი“ „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე, განაშენიანების დეტალურ გეგმას და ამავე გეგმის მიხედვით ერთ-ერთ კვარტალში, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტს მოამზადებს“, – აღნიშნულია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ კომპანიის წარმომადგენლებთან და არქიტექტორებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე პროექტირების ფარგლებში განსახორციელებელ სამუშაოებზე ისაუბრეს.