ბათუმის ცენტრალურ პარკში, ნურიგელის ტბაში თითქმის ასი წლის წინ გამქრალი სახეობა – წავი დაბრუნდა.
გადაშენების პირას მყოფი, წითელ წიგნში შეტანილი ცხოველის გამოჩენის შესახებ ინფორმაცია ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს უფროსმა ალექსანდრე თევზაძემ გაავრცელა.
შავი ზღვის მონიტორინგისა და მეთევზეობის კვლევის სააგენტოს ხელმძღვანელის არჩილ გუჩმანიძის განცხადებით, ეს იშვიათი ჯიშის ევრაზიული წავია და მას გადარჩენა სჭირდება.
„ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ევრაზიული წავი – Lutra lutra meridionalis (Ognev, 1931) – Lutra lutra Linnaeus, 1758 ქვესახეობა ნურის ტბაში ფიქსირდებოდა გასული საუკუნის 30-იან წლებამდე, შემდგომ წლებში მისი ნურის ტბაში პოვნის შესახებ სამეცნიერო ცნობები არ მოგვეპოვება. ძალზე საინტერესო და საგულისხმო ფაქტია, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ეს სახეობა გადაშენების საფრთხის ქვეშაა და შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში. აუცილებელია შემდგომში დაკვირვება და რაც მთავარია, დაცვა“, -წერს სოციალურ ქსელში არჩილ გუჩმანიძე.