ბათუმში ნომერ მეშვიდე ხაზზე მომუშავე ავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბათუმში ნომერ მეშვიდე ხაზზე მომუშავე ავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ნომერ მეშვიდე ყვითელი ავტობუსის ხაზზე კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა.

ამის შესახებ რიჟვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„ბათუმში გამოგვივლინდა ახალი შემთხვევა, საუბარია ე.წ. ნომერ მეშვიდე ყვითელი ავტობუსის ხაზზე, რომელიც მოძრაობს ხელვაჩაური-ბათუმის მიმართულებით. მინდა, ყველას მოვუწოდო და ვთხოვო, ვისაც ამ კონკრეტულ სამარშრუტო ხაზთან შეხება ჰქონდა, ყველამ მიმართოს იმ კონკრეტულ წერტილებს, რომლებიც მოქმედებს ბათუმში“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ამასთან, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, მძღოლებს ორი კვირის ინტერვალით „პისიარ“ ტესტირება უტარდებათ.

„მაღალი რისკის კონტიგენტს, მიზნობრივ კონტიგენტს დაემატა სატრანსპორტო ხაზის წარმომადგენლები და, პირველ რიგში, მძღოლები. ეს კონტიგენტი 14 დღეში ერთხელ იტესტება. მათ შორის აღნიშნული მძღოლიც იტესტებოდა პერიოდულად, უკანასკნელი კვლევის პასუხი იყო უარყოფითი, ისინი მოდიან თანამშრომლობაზე. ყველა მძღოლი პერიოდულად ორ კვირაში ერთხელ „პისიარ“ დიაგნოსტიკას ექვემდებარება, მაგრამ, როგორც იცით, ამ დიაგნოსტიკას მოქმედების 72 საათიანი პერიოდი შეიძლება ჰქონდეს. შესაბამისად, ეს არ ნიშნავს, რომ მას რისკი არ ექნებოდა მომდევნო პერიოდში. ამიტომ ნებისმიერი მგზავრი, ნებისმიერი პირი სამარშრუტო ტაქსიში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მაქსიმალურად უნდა იცავდეს წესს, პირველ რიგში, მძღოლი“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.