ბათუმში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სემინარი მიმდინარეობს
ბათუმში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სემინარი მიმდინარეობს

„საქართველოში განხორციელებული რეფორმები და დემოკრატიის კონსოლიდაცია” – ამ შინაარსის სესიით გაგრძელდა დღეს ბათუმში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სემინარი.

საკითხზე მოხსენებებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი გამოვლენ.

„როგორც იცით ,დღეს ჩვენ ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, განვიხილავთ, იმ გარდაქმნებს, მიღწევებსა და ასევე გამოწვევებს, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შთამბეჭდავი გაუმჯობესება 2012 წლის შემდეგ აქვს, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, ასევე დემოკრატიის ყველა კომპონენტით – როგორიცაა ჩვენი თანამოქალაქეების მონაწილეობა არჩევნებში, მედიის თავისუფლება, აზრის გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ამ წლების განმავლობაში არ აქვს, ისეთი სერიოზული შემთხვევა და არ დაურღვევია ადამიანის უფლებები, რომელიც ჩრდილს მიაყენებდა ჩვენი ქვეყნის განვითარებას”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღესვე სემინარის მონაწილეები საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და საპარლამენტო დემოკრატიაზე გადასვლის საკითხებზეც იმსჯელებენ.