მუსლიმური სამყარო დღეს რამაზან ბაირამს აღნიშნავს. ერთ-ერთი უდიდესი რელიგიური დღესასწაული მძიმე მარხვის შემდეგ დგება. ერთი თვის განმავლობაში მორწმუნეებს მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე საკვებისა და წყლის მიღება ეკრძალებოდათ.
რამაზან ბაირამის დადგომისას სადღესასწაულო ლოცვა მზის პირველი სხივის გამოჩენისთანავე იწყება. ამ დღეს მუსლიმები მოინახულებენ წინაპართა საფლავებს, ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან და უხვად გასცემენ მოწყალებას. უპოვართათვის ამ დღეს გარკვეული რაოდენობის თანხა ე.წ. ფითრა მუსლიმი ოჯახის ყველა წევრის სახელზე უნდა გაიცეს.
დღესასწაული ქართველმა მუსლიმებმა ბათუმში, ცენტრალურ მეჩეთსა და იმ ტერიტორიაზე აღნიშნეს, სადაც მუსლიმი თემი ახალი მეჩეთის მშენებლობას გეგმავს. ორ ადგილზე გადანაწილებული მრევლის მიუხედავად, ორთაჯამემ მლოცველები ისევ ვერ დაიტია და მორწმუნეების დიდმა ნაწილმა ლოცვა ქუჩაში, ქვაფენილზე შეასრულა.
სადღესასწაულო ლოცვა საქართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ ორთაჯამეში აღავლინა. დღესასწაული მორწმუნეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მიულოცა. იგი ცენტრალურ მეჩეთში მინისტრებთან და ბათუმის მერთან ერთად მივიდა.
“ვულოცავ დღევანდელ დღეს მუსლიმ მრევლს, განსაკუთრებით აჭარაში მცხოვრებ მუსლიმებს. ვუსურვებ რწმენის სიმტკიცეს და ჩვენს ქვეყანას ვუსურვებ ძლიერებას, ერთიანობას და იმ ყველა მიმდინარე საკითხზე, რომელზეც მიმდინარეობს მსჯელობა, დარწმუნებული ვარ, საერთო ენის გამონახვას ყოველთვის შევძლებთ”,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ახალი მეჩეთის საჭიროებაზე საუბრობს მრევლი და საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე.
“ღმერთმა დღევანდელი დღის მადლით გააძლიეროს ჩვენი საქართველო. ეს მნიშვნელოვანი დღეა. მოგეხსენებათ, 12-ში არის სასამართლო პროცესი და მე დიდი იმედი მაქვს, საკითხი გადაწყდება მუსლიმი მრევლის, ჩვენი თანამოქალაქეების სასარგებლოდ”,-განაცხადა ბეგლარ ქამაშიძემ.
ბათუმის მერიამ ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ნებართვა არ გასცა, რაც მუსლიმმა თემმა გაასაჩივრა. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს.