ბათუმში აგვისტოდან ახალი, ლურჯი ფერის მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებს. ფერის შერჩევის თაობაზე ბათუმის მერია ონლაინ გამოკითხვას აწარმოებდა. თეთრ, წითელ, ყვითელ, მწვანე, ვერცხლისფერ და ლურჯ ფერებს შორის საზოგადოებამ უპირატესობა ლურჯ ფერს მიანიჭა.
ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი ქალაქში აგვისტოს პირველი ნახევრიდან გამოჩნდება. საწყის ეტაპზე მათი რიცხვი 15 იქნება, შემდეგ კი 40-მდე გაიზრდება.
გამოკითხვაში მონაწილე 4000-მდე მოქალაქიდან 53 %-მა სწორედ ლურჯ ფერს მიანიჭა უპირატესობა.
მერიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალური ავტობუსები ლურჯ ტონალობაში იქნება გადაწყვეტილი, თუმცა, შესაძლოა, არჩევანი ცისფერზე, ან ღია ლურჯზე გაკეთდეს.