ბათუმში, მთავრობის ადმინისტრაციასთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ალტერნატივას“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს
აჭარის მთავრობის სხდომის პარალელურად, მთავრობის ადმინისტრაციასთან, „ნაციონალური მოძრაობისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შენობის შესასვლელთან მათ ჩემოდნები მიიტანეს, რომელზეც ბიძინა ივანიშვილის ფოტოები იყო მიმაგრებული და ხელისუფლებას გადადგომისკენ მოუწოდეს.
„ივანიშვილმა მოგვიწოდა, დავტოვოთ ქვეყანა. ჩვენ ამას არ ვაპირებთ, ჩემოდნები უნდა ჩაალაგონ თავად და დატოვონ ეს ქვეყანა, რომელსაც ჩვენ ავაშენებთ, ახალგაზრდობა ააშენებს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, გიორგი კირთაძემ.
აქციის მონაწილეებმა ტერიტორია უკვე დატოვეს.