ბათუმში მოწამლული ადამიანების ნაწილი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის სამი არასრულწლოვანია
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ შარაშიძის ქუჩიდან, სადაც მასობრივი მოწამვლის შემთხვევა დაფიქსირდა, კლინიკაში ცხრა პაციენტი გადაიყვანეს, კლინიკის მენეჯერის დავით მურვანიძის განცხადებით, არც ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაში არ იმყოფება.
„შარაშიძის ქუჩიდან დღეს სულ ცხრა პაციენტი გადმოიყვანეს. მათ შორის სამი არასრულწლოვანია. მათ აღენიშნებათ გულისრევა, დიარეა და ინტოქსიკაციის სხვა სიმპტომები, თუმცა არც ერთი მძიმე პაციენტი არ გვყავს, ინტოქსიკაცია სახეზეა, მაგრამ მე ვარ ინფექციონისტი და ვერ გეტყვით, რას შეეძლო გამოეწვია ინტოქსიკაცია, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია დავადგინოთ, რომელმა ბაქტერიამ გამოიწვია მოწამვლა, მაგრამ საიდან მოხვდა ეს ბაქტერია ორგანიზმში, ჩვენ ვერ დავადგენთ“, – განაცხადა დავით მურვანიძემ.
შარაშიძის ქუჩაზე დღეს მოწამვლის მასობრივი შემთხვევა დაფიქსირდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ 50-მდე ადამიანი ერთდროულად მოიწამლა და ამის მიზეზი გახდა წყალი, რომელიც ორი დღით იყო შეწყვეტილი.
რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია და გამოიწვია თუ არა ის სასმელმა წყალმა, ამას სურსათის უვნებლობის სამმართველოს სპეციალისტები შეისწავლიან.