ბათუმში მოქალაქეთა ნაწილმა სოციალური პროექტის ფარგლებში აშენებული ბინები თვითნებურად დაიკავა, რასაც ხმაური მოჰყვა
ხმაურია ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, სადაც ბათუმის მერიის სოციალური პროექტის, „იაფი სახლი“ ფარგლებში აშენებულ კორპუსებში, რომელიც ჯერ განაწილებული არ არის, მოქალაქეთა ნაწილი შეიჭრა. მათ ბინები თვითნებურად დაიკავეს და ამბობენ, რომ ეკომიგრანტები არიან, ბინის ქირის გადახდას ვეღარ ახერხებენ და ამიტომ ტერიტორიას არ დატოვებენ.
ბინებში დაახლოებით 45 ოჯახია შესული. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები, ასევე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. ისინი მოქალაქეებს შენობის დატოვებისკენ მოუწოდებენ.
მინისტრის მოადგილის, რამაზ ჯინჭარაძის განცხადებით, შეჭრილებმა ტერიტორია უნდა დატოვონ, თითოეული ოჯახის მდგომარეობას კი ინდივიდუალურად შეისწავლიან.
„ასეთი უკანონო შეჭრები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. ვისაც სახელმწიფოსგან დახმარება ეკუთვნის, უყურადღებოდ არც ერთი არ უნდა დარჩეს. აქ სოციალური კუთხით პრობლემა იყო, რომელსაც ამ სიტუაციაში ვერ მოვაგვარებთ, მაგრამ რაც შეეხება ამ შენობას – აქ გაჩერება არ შეიძლება, რადგან უკანონობაა. თითოეულ ოთახს თავისი ბენეფიციარი ჰყავს, რომელიც კანონის ფარგლებში უნდა შემოვიდეს და დაკმაყოფილდეს. კომენდანტის საათი დაიწყო, თუმცა უკან დავაბრუნებთ მათ საცხოვრებელ სახლებში, საიდანც აქ მოვიდნენ. ყველა ოჯახს ინდივიდუალურად ქალაქის მერიაში და ჯანდაცვის სამინისტროში შევისწავლით“, – განაცხადა რამაზ ჯინჭარაძემ.