ბათუმში მოქალაქეები ეპიდსიტუაციის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხნას ან კომპენსაციის გაზრდას ითხოვენ.
დღეს მათ მთავრობის სახლამდე საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს და სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენაც მოითხოვეს.
აქციის მონაწილეებს შორის არიან სამორინეებში, რესტორნებსა და სარიტუალო დარბაზებში დასაქმებულები, ასევე მიკროავტობუსების მძღოლები.
„200 ლარიანი დახმარება რაში უნდა გვეყოს? რამდენიმე თვეა, უკვე უმუშევრები ვართ, გვაქვს უამრავი საბანკო ვალდებულება და ეს თანხაც არაა საკმარისი. ვითხოვთ კომპენსაციის გაზრდას და ვადაში გაგრძელებას. ასევე, საბანკო სესხების გადავადებას. დაგვიბრუნონ სამუშაო ადგილები, დაგვაბრუნონ ჩვეულ რიტმში. სხვა ქალაქებში არაა შეზღუდვები და იგივე პირობებში ჩაგვაყენონ. შეუძლებელია ქალაქში გადაადგილება, ტრანსპორტიც გაჩერებულია“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ეკა მგელაძემ.
ამასთან, აქციის კიდევ ერთი მონაწილის, მუსიკოს ნანა კუხალაშვილის თქმით, დაწესებული შეზღუდვების გამო, შემოსავლის გარეშე დარჩა.
„ვარ მუსიკოსი, ვმუშაობ რესტორანში. 10:00 საათის შემდეგ იკეტება რესტორანი და არანაირი აზრი არ აქვს მუშაობას. დავრჩი შემოსავლის გარეშე. ვითხოვ, დაგვაბრუნონ ჩვეულებრივ რეჟიმში, დააბრუნონ საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. რომც ვმუშაობდე, რით უნდა წავიდე, ტაქსის ფული სად გვაქვს. არ მესმის, 10:00 საათის შემდეგ კორონავირუსი რატომ აქტიურდება, დრაკულაა ხომ არაა?“, – აღნიშნა ნანა კუხალაშვილმა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ.