ბათუმში მოქალაქეებმა, რომლებიც სოციალური პროექტის ფარგლებში აშენებულ კორპუსებში თვითნებურად შეიჭრნენ, ტერიტორია დატოვეს
ბათუმში, სოციალურ პროექტ „იაფი სახლის“ ფარგლებში აშენებული საცხოვრებელი კორპუსები თავისუფალია. ოჯახებმა, რომლებიც დღეს ჯერ კიდევ გაუნაწილებელ ბინებში თვითნებურად შეიჭრნენ, ტერიტორია უკვე დატოვეს.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, რამაზ ჯინჭარაძის განცხადებით, შენობების გათავისუფლება მშვიდ ვითარებაში, დიალოგის გზით მოხერხდა. თვითნებურად შეჭრილებთან მინისტრის მოადგილე მოლაპარაკებას რამდენიმე საათის განმავლობაში აწარმოებდა.
„დიალოგის გზით მოხერხდა პრობლემის მოგვარება. ოჯახებმა ტერიტორია მშვიდ ვითარებაში დატოვეს. შენობები სრულად თავისუფალია. თითოეული ოჯახის პრობლემებს ინდივიდუალურად შევისწავლით“, – განაცხადა რამაზ ჯინჭარაძემ.
საცხოვრებელ კორპუსებში რამდენიმე ოჯახი დღეს საღამოს თვითნებურად შეიჭრა. ისინი აცხადებდნენ, რომ ეკომიგრანტები არიან, საცხოვრებელი არ აქვთ, ბინის ქირის გადახდას კი ვერ ახერხებენ. ადგილზე პოლიცია და ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.