ბათუმში მიმდინარე აქციაზე, სადაც „სირცხვილიას“ წევრები შეზღუდვებს აპროტესტებენ, ხმაურია
ცოტა ხნის წინ ხმაური იყო ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე, სადაც „სირცხვილიას“ წევრები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად დაუმორჩილებლობის აქციას განაგრძობენ. ხმაურის მიზეზი გახდა სამართალდამცველების მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, სოლომონ ბაჯელიძის დაჯარიმების ფაქტი. დაჯარიმებული აცხადებს, რომ მისი გამორჩევა მიზანმიმართულად მოხდა.
„მიზანმიმართულად ამომარჩიეს,განგებ მე, რადგან ეს დაკვეთა ჰქონდათ, არც ქვითარს ჩავიბარებ და არც ჯარიმას გადავიხდი, ეს არის პროვოკაცია“, – ამბობს სოლომონ ბაჯელიძე.
ადგილზე იმყოფება აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით მაღრაძე. ის ამტკიცებს, რომ დაჯარიმება იდენტიფიკაციის შემდეგ მოხდა და ყველა დაჯარიმდება, ვინც კანონს არღვევს.
„მოხდა ამ პირის იდენტიფიცირება და დაჯარიმდა, ეს პროცესი მიმდინარეობს და ყველა იდენტიფიცირებული დაჯარიმდება, ვინც უკვე დაჯარიმებული არ არის და კანონს არღვევს“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.
საპროტესტო მსვლელობა სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ისევ გაგრძელდა.