ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. სხვა საზღვაო ქვეყნებთან ერთად, საქართველოში პროფესიულ დღესასწაულს 2011 წლიდან აღნიშნავენ.
მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი პირველი აქტივობა სასულე ორკესტრის თანხლებით საზღვაო აკადემიის კურსანტთა საზეიმო მსვლელობით დაიწყო. წელს პროფესიული დღე ქართველ მეზღვაურებთან ერთად აღნიშნეს დიდი ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საჰაერო გამანადგურებელის HMS defender-ის ეკიპაჟის წევრებმაც.
მეზღვაურებს დღესასწაული მიულოცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა.
საზღვაო ტრანსპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სხვადასხვა ჯილდოები გადასცეს შორეული ნაოსნობის მოქმედ და ყოფილ მეზღვაურებს. ღირსების მედლით დაჯილდოვდნენ საზღვაო დარგის ღვაწლმოსილი წარმომადგენლები ზურაბ ლაბაძე, ეკა სირაძე, თეიმურაზ ქავთარაძე.
ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, თამარ იოსელიანმა მადლობის სიგელს გადასცემს პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის ARIFE-ს ეკიპაჟის ქართველ წევრებს, წარდგენილნი არიან საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ჯილდოზე BRAVERY AT SEA – გიორგი თუშმალიშვილს, მამუკა დოლიძეს, ზებურ დიასამიძეს, ელგუჯა ნიგალიძეს, არჩილ ცინცაძეს და აჩიკო ბოლქვაძეს. 2020 წლის 8 აპრილს ქართველმა მეზღვაურებმა ხმელთაშუა ზღვაში ცეცხლმოდებულ გემზე დაღუპვისაგან 12 ადამიანის სიცოცხლე იხსნეს.
მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ოფიციალური ნაწილის ფარგლებში, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კონტრაქტორს (DAI) შორის, საზღვაო ტრანსპორტისა და ლოგისტიკურ სფეროში მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე. მხარეები მიზნად ისახავენ თანამშრომლობას საქართველოს საზღვაო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლების, მდგრადი და ინკლუზიური ზრდის მხარდასაჭერად.
ღონისძიების დასასრულს, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილ მეზღვაურებს და ტრადიციისამებრ, შესრულდა გვირგვინის ზღვაში ჩაშვების ცერემონია.