ბათუმში მერიის პროექტ „იაფი სახლის“ ფარგლებში აშენებული კორპუსები სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა თვითნებურად დაიკავეს
ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მერიის პროექტ „იაფი სახლის“ ფარგლებში აშენებულ კორპუსებში სოციალურად დაუცველი ოჯახები შეიჭრნენ.
როგორც ისინი ამბობენ, უსახლკაროები არიან, წლებია, ნაქირავებში ცხოვრობენ, ეკონომიკური მდგომარეობა გაუუარესდათ, ვერ იხდიან ბინის ქირას და ღია ცის ქვეშ რჩებიან.
„სამი თვეა, ვერ გადავიხადე ქირა, სად წავიდე, მოწყალებას ვითხოვ, მრცხვენია, მაგრამ რა ვქნა, სხვა გზა არ მაქვს, აქედან ცოცხალი არ გავალ, თავს დავიწვავ“, – ამბობს გოგუცა ბერიაშვილი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ასევე ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები.
„იაფი სახლი“ ბათუმის მერიის პროექტია. კორპუსები ბიუჯეტის დაფინანსებით აშენდა და მრავალწლიანი გამოსყიდვის უფლებით უნდა გადაეცეს ოჯახებს, ვინც წლებია ბათუმში ცხოვრობს, არ აქვს საკუთარი საცხოვრებელი და უფიქსირდება გარკვეული შემოსავალი, რომლითაც მოახერხებს ყოველთვიურად ბინის გამოსყიდვისთვის გარკვეული თანხის შეტანას.